ზაფხული +40 და წელიწადში რაღაც სამი თვე არ არის. ჩვენთვის ზაფხული სხვანაირი თავისუფლებაა. თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთს ვიხსნით, ყოველდღიურ პრობლემებს დროებით ვივიწყებთ და ყველაფერს ბევრად უფრო მარტივად ვუყურებთ.




თვალები რომ დახუჭო, არ გახსენდება თბილისის უბნებში გატარებული ის უდარდელი დღეები? როცა დილიდან საღამომდე ეზოში ვიყავით ჩასულები და სახლში ძალითაც ვერ ავყავდით. გახსენდებათ ეზოს ხეებიდან ჩამოგლეჯილი, მჟავე ტყემლის გემო? აი, ჯერ კურკაც რომ არ აქვს შეკრული, სრულიად მწვანეა და ისეთი სიმჟავე აქვს, თვალებს გჭუტავს, მაგრამ მაინც გაუჩერებლად ჭამ, სანამ კბილები არ დაგეკბილება. მერე კი, შუადღის აუტანელ სიცხეში, მთელი უბნის ბავშვები „წრეში ბურთს“, „ორდროშობანას“ ან „ჩემი ოქრო ჩემთან“ რომ ვთამაშობდით. საღამოს, როცა უკვე ბნელდებოდა, „დამალობანას“ დრო დგებოდა და უბნის ბნელ კუთხეებში ვიმალებოდით. დაღლილებს და უზომოდ ბედნიერებს, მხოლოდ მაშინ გვეძინებოდა, როცა დედები გადმოგვძახებდნენ — „ამოდი, უკვე გვიანიაო“. ზაფხულს ეს საოცარი ძალა აქვს — ყოველ წელს იმავე თბილ, თბილისურ მოგონებებთან გვაბრუნებს და გვახსენებს, რა ცოტა გვყოფნიდა ბედნიერებისთვის.
დღესაც, კარგი ზაფხულისთვის სულაც არ არის საჭირო სადღაც შორს, ძვირადღირებულ კუნძულებზე გაფრენა. ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ სრულიად უბრალო, პატარა და უმნიშვნელო დეტალებშია
ახლაც, როცა გარეთ უკვე ყველაფერი მწვანდება და ჰაერში ამ სეზონის ნაცნობი სურნელი ტრიალებს, საუკეთესო დროა ახალი მოგონებების დასაწერად. არ აქვს მნიშვნელობა, წყნეთში ახვალ გრილ საღამოს, თბილისის ზღვაზე გაისეირნებ მზის ჩასვლისას, კუს ტბაზე აუყვები გზას თუ უბრალოდ ძველი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად უმიზნოდ იხეტალებ.
მთავარია, ეს დღეები შენს სასარგებლოდ გამოიყენო. ზაფხული ყოველ ჯერზე გვახსენებს, რომ ცხოვრება საოცარია მაშინ, როცა მას ძალიან არ ვართულებთ. მოდი, ამ სეზონზე ხშირად შევხვდეთ მეგობრებს, გადავდოთ ტელეფონები, დავამზადოთ ის ლეგენდარული ცივი ყავა და უბრალოდ ვიყოთ აქ და ახლა.